ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველის ახალი მოადგილეები წარადგინა

პუბლიკა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ახალი მოადგილეები წარადგინა. გიორგი ბურჯანაძისა და ეკატერინე სხილაძის ადგილებს ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე დაიკავებენ. სახალხო დამცველის პირველ მოადგილედ კი თამარ გვარამაძე რჩება.

ლევან იოსელიანის თქმით, ელენე ღუდუშაური პროფესიით იურისტია, სამართლის მაგისტრი, ნათია ჯულაყიძე კი სახელმწიფო მართვისა და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი.

► ელენე ღუდუშაური კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს, ანალიტიკური დეპარტამენტის და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის საქმიანობას.

► ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას გაუწევს კოორდინაციასა და ზედამხედველობას.


გიორგი ბურჯანაძემ და ეკატერინე სხილაძემ ომბუდსმენის მოადგილის თანამდებობა 31 მარტიდან დატოვეს. ბურჯანაძე წერდა, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ მან ლევან იოსელიანს არჩევისთანავე უთხრა. ბურჯანაძის თქმით, მან და ეკატერინე სხილაძემ მარტის ბოლომდე დარჩენა გადაწყვიტეს, რადგან ანგარიში ჰქონდათ დასასრულებელი.

ლევან იოსელიანი საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად 7 მარტს აირჩია.