იოზვიაკი: 5 წლის წინ საქართველო იქნებოდა პირველი, ვისაც EU-ში შეხვედრაზე მიიწვევდნენ

პუბლიკა

20 ოქტომბერს ლუქსემბურგში ცენტრალური აზიის და შავი ზღვის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაა. შეხვედრაზე მიწვეული არ არის მაკა ბოჭორიშვილი.

ინფორმაცია თავდაპირველად „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა. „ტვ პირველმა” მასთან დამატებითი კომენტარი ჩაწერა.

იოზვიაკმა ტელეარხს უთხრა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის „ძალიან სადავო არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან საქმეს აღარ დაიჭერდნენ.

„აქამდე ასე აკეთებდნენ და მომავალშიც გააგრძელებენ. 5 წლის წინ საქართველო იქნებოდა პირველი, ვისაც აქ შეხვედრაზე მიიწვევდნენ. ევროკავშირში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საქმეს არ იჭერენ. ეს, პრაქტიკულად, ნიშანია იმისა, რომ მათ სრულად ლეგიტიმურად არ თვლიან. ყველაფერს, რასაც „ქართული ოცნების” მთავრობა აკეთებს, თუნდაც განცხადებები, აჩვენებს, რომ ისინი ბრიუსელს სულ უფრო შორდებიან.

ალბათ მოუსმენთ იმ გრძელ განცხადებას, რომელიც ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გააკეთა. მან ევროკავშირის გაფართოების საჭიროებაზე ისაუბრა. მან ისაუბრა დასავლეთ ბალკანეთზე, უკრაინასა და მოლდოვაზე. სად არის საქართველო? გამქრალია. საქართველო ახლა იმავე მდგომარეობაშია, უფრო უარესშიც კი, ვიდრე თურქეთი. თურქეთი ისევ კანდიდატი ქვეყანაა. ევროკავშირი, გარკვეულწილად, საქმეს იჭერს თურქეთთან, მაგრამ არა გაფართოების კუთხით. იგივეა საქართველოსთანაც – იგნორირებულია“, – თქვა რიკარდ იოზვიაკმა „ტვ პირველთან”.

გუშინ, 23 სექტემბერს „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ მინისტერიალში საქართველო ელჩის დონეზე მიიწვიეს, რაც „ევროკავშირის ინსტიტუტის არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს”.

„ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხრიდან დაგეგმილ მინისტერიალში საქართველოს ელჩის დონეზე მოწვევა ევროკავშირის ინსტიტუტის არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. არის არა მხოლოდ გეოპოლიტიკური, არამედ მარტივი გეოგრაფიული რეალობის უარყოფის დემონსტრირება და წარმოადგენს კიდევ ერთ მცდელობას, ევროკავშირის ღონისძიებებზე საქართველოს მოწვევის საკითხი გამოყენებულ იქნას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის და პოლარიზაციის წასახალისებლად.

ვიმედოვნებთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი კარგად აცნობიერებს გეოპოლიტიკურ საჭიროებებს, აფასებს საქართველოსთან პარტნიორობას, საქართველოს როლს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის საკითხში და არ იზიარებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მსგავს დამოკიდებულებას საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით“, – წერია უწყების განცხადებაში.