„რადიო თავისუფლების” პრაღის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ დღეს, 12 ნოემბერს, „ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებას”.
მისი ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმებას ხელს 17 ნოემბერს მოაწერენ, ხოლო ძალაში დეკემბრიდან შევა.
ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი 7 ოქტომბერს დაუჭირა. შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები“.
ივლისში ევროკავშირმა „ქართული ოცნების“ მთავრობას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელიც უვიზო რეჟიმის პირობების გადახედვის შესაძლებლობას ეხება.
ევროკომისია მიზეზად დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლას“ ასახელებს.
იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეჩერდეს, ევროკომისიამ „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა და შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაასახელა.
1 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში ევროკომისიას გაუგზავნეს“.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს 2017 წლიდან აქვს.