იოზვიაკი: საქართველოს შეიძლება საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან თანხვედრა მოსთხოვონ

პუბლიკა

21 ივნისს ევროკომისია ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესზე ერთგვარ შუალედურ შეფასებას წარუდგენს, ხოლო 22 ივნისს ამ საკითხს ევროკავშირის ქვეყნების მინისტრები სტოკჰოლმში ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ შეკრებაზე განიხილავენ.

განახლებული შეფასების წარდგენამდე „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ უკრაინისა და საქართველოსგან განსხვავებით, ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, რომლებსაც ის ესაუბრა, საქართველოს პროგრესის ნაკლებად სჯერათ.

„ზოგი მათგანი თბილისის ევროკავშირთან დაახლოების სურვილსაც კი აყენებს ეჭვქვეშ“, – წერს იოზვიაკი, რომლის თვალსაზრისსაც „რადიო თავისუფლება“ აქვეყნებს.

თუმცა იოზვიაკი ასევე წერს, რომ, როგორც ევროპელი პოლიტიკოსები ამბობენ, ამის მიუხედავად არსებობს დაახლოებით 4 მიზეზი, რის გამოც შეიძლება საქართველომ კანდიდატის სტატუსი მაინც მიიღოს.

იოზვიაკის მიხედვით, პირველი მიზეზი ისაა, რომ ევროკავშირმა, გარკვეული გაგებით, „გააუფასურა“ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობა. ამის მაგალითად კი „რადიო თავისუფლების“ რედაქტორს სტატუსის ბოსნია-ჰერცოგოვინისთვის მინიჭება მოჰყავს. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყანამ ევროკომისიისგან კრიტიკული შეფასება მიიღო, მაგრამ მას შემდეგ, რაც სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მისცეს, ევროკავშირში ბალკანეთის „მიტოვება“ არ ისურვეს.

როგორც იოზვიაკი წერს, ახლა საქართველოსა და კოსოვოს გარდა, რომელსაც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა არც კი აღიარებს, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გაწევრების მსურველ ყველა ქვეყანას აქვს. ამიტომ, შეიძლება, საქართველომაც მიიღოს. „კანდიდატის სტატუსის მიღება, როგორც ბევრი ევროპელი ჩინოვნიკი უყურებს დღეს ამას, შედარებით მარტივად მისაღწევ მიზნად იქცა“, – წერს იოზვიაკი.

მეორე მიზეზი დაკავშირებულია პოლიტიკურ იმპულსთან. „დიდი პაუზის შემდეგ ევროკავშირის გაფართოება აქტუალური გახდა, რაც 2024 წლის არჩევნების შემდეგ შეიძლება კვლავ ჩაკვდეს და ჩაიკარგოს 2024 წლის ივნისში დაგეგმილი არჩევნების ორომტრიალში“, – წერს იოზვიაკი.

მისი თქმით, არჩევნების შემდეგ ევროკავშირში პოლიტიკური გარემო შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ ბრიუსელში ფიქრობენ, რომ ახლა საუკეთესო დროა გაფართოებასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად.

როგორც იოზვიაკი წერს, მესამე მიზეზია ასოცირებული ტრიოს არსებობა. ევროკავშირში შეიძლება არ სურდეთ, რომ ტრიოს შიგნით დაშორება გაიზარდოს, ამიტომ თუკი კიშინიოვი და კიევი ერთი ნაბიჯით წინ წაიწევენ და გაწევრებაზე დაიწყებენ მოლაპარაკებს, მათ საქართველოც უნდა მიჰყვეს წინსვლაში.

რაც შეეხება მეოთხე მიზეზს, იოზვიაკი წერს, რომ თბილისს შეიძლება კლასიკური „ბრიუსელური ტკბილეული“ შესთავაზონ. ეს ნიშნავს, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მას კიდევ მოჰყვება პირობები, რომლებიც მომდევნო ეტაპზე გადასვლამდე უნდა შეასრულოს.

„ბრიუსელს, როგორც წესი, კარგად გამოსდის ახალ-ახალი პირობების დაწესება და ერთ-ერთი პირობა, შესაძლოა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრაში სწრაფი მოქცევაც გახდეს“, – წერს იოზვიაკი.