იოზვიაკი: საქართველოზე არ არის გადაწყვეტილებები, თუმცა შესაძლოა, მალე იყოს მოკლევადიანი ზომები

პუბლიკა

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირში საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღიათ, თუმცა შესაძლოა მალე იყოს მოკლევადიანი ზომები, მათ შორის დახმარების შეჩერება.

„ბორელი ამბობს, რომ ეს არის საორიენტაციო დებატები საქართველოზე, თუმცა არ არის კონკრეტული გადაწყვეტილებები. თუმცა ამბობს, რომ შესაძლოა მალე იყოს მოკლევადიანი ზომები – მაღალი დონის ვიზიტების შემცირება, დახმარების შეჩერება, მათ შორის სამხედრო დახმარების”, – წერს იოზვიაკი.

დღეს საქართველოს შესახებ ლუქსემბურგში მსჯელობა გაიმართება. როგორც მანამდე იოზვიაკი წერდა, საქართველოს შესახებ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ვარიანტების ფურცელი გაეგზავნათ.

მისი თქმით, ხანმოკლე შეზღუდვები მოიცავს დაფინანსების შეწყვეტას, ხოლო სიტუაციის მნიშვნელოვნად გაუარესების შემთხვევაში, განიხილება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც.

კერძოდ, იოზვიაკის ინფორმაციით, სავარაუდო ვარიანტები ასეთია:

მოკლევადიანი ზომები: დაფინანსების დროებით შეჩერება, მაღალი დონის შეხვედრების შეჩერება.

სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში: ინდივიდუალური სანქციები, ვიზები დიპლომატიური პასპორტებისთვის, სამხედრო/ჰუმანიტარული დახმარების შეწყვეტა;

სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში: ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება.