IPI: მოვუწოდებთ „ოცნებას“, დაუყოვნებლივ გაამჟღავნოს, რა ქიმიკატები გამოიყენეს აქციების დაშლისას

პუბლიკა

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) შეშფოთებულია ჟურნალისტების შესაძლო კონტაქტით ქიმიურ ნივთიერებებთან, რომლებიც სავარაუდოდ გამოიყენეს საქართველოს სამართალდამცავმა უწყებებმა საპროტესტო აქციების დასაშლელად, როგორც ეს გამოაშკარავდა BBC-ის ბოლო ჟურნალისტურ გამოძიებაში.

IPI-ის თანახმად, BBC-ის გამოძიებამ აჩვენა, რომ ხელისუფლებამ გასულ წელს ანტისამთავრობო მომიტინგეების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა, რამაც, სავარაუდოდ, გავლენა მოახდინა იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც აქციებს აშუქებდნენ.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ წერს, რომ მათ მიერ შეგროვებული მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში სულ მცირე 81 ჟურნალისტი გახდა თავდასხმის მსხვერპლი.

„ათობით მათგანს დაუმიზნეს წყლის ჭავლი, რომელიც ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავდა. თავდასხმები, ხშირ შემთხვევაში, წინასწარ განზრახულს ჰგავდა. ამჟამად არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეს ჟურნალისტები, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ.

IPI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაამჟღავნოს, თუ რომელი ქიმიკატები გამოიყენეს საპროტესტო აქციების დაშლისას და შესაბამისად, რომელი შეიძლება გამოყენებულიყო ჟურნალისტების წინააღმდეგ.

ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცა ჟურნალისტიკა საქართველოში მზარდად საშიშ პროფესიად – „ქართული ოცნება“ აგრძელებს დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გააძლიერონ საერთაშორისო ზეწოლა „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, რათა გადავარჩინოთ ის, რაც საქართველოში თავისუფალი პრესისგან დარჩა“, – წერია IPI-ის განცხადებაში.


BBC-ის გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი გამოიყენეს. ის, რომ წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაწყებისთანავე განაცხადეს როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ექიმებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა. 2024 წლის 30 ნოემბერს ალექსანდრე დარახველიძემაც არ უარყო, რომ წყლის ჭავლში, რომლითაც პოლიცია ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციაზე დემონსტრანტებს შლიდა, გარეული იყო „სხვა ნივთიერებაც“.

„საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, წყლის ჭავლში გარეული იყოს შესაბამისი ნივთიერებები, გაზი იქნება თუ სხვა რამ“, – თქვა მაშინ დარახველიძემ. თუმცა, მისივე მტკიცებით, ყველაფერი კანონიერად მოხდა.

ის, რომ წყლის ჭავლში გაზს ურევდნენ,  2024 წლის 24 ოქტომბერს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც დაადასტურა.

BBC-ის გამოძიების თანახმად, მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, მისი ნამდვილობა დაადასტურეს. დოკუმენტში მათ ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს:

  • ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა, BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
  • ქიმიური სითხე, კოდით – UN1710. რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება.

დოკუმენტში ამ ნივთიერებების შეზავების წესებიცაა შეტანილი. BBC გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ესაუბრა ლაშა შერგელაშვილი, რომელიც გდდ-ში შეიარაღების უფროსი იყო, ამბობს, რომ 2009 წელს მას ახალი ნივთიერების ტესტირება სთხოვეს სწორედ იმ კოდებით, რომლებსაც მიაკვლია ბრიტანულმა გამოცემამ.

გამოცდისას შერგელაშვილმა აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულებრივზე 10-ჯერ ძლიერი იყო. შერგელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა კოლეგამ მას დაუდასტურა საპროტესტო აქციებზე ამ ნივთიერების გამოყენება.

BBC-ის განცხადებით, გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მათ დაუდასტურეს, რომ შერგელაშვილის მიერ დასახელებული ნივთიერება მათ პროტოკოლში ნამდვილად წერია.