„საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი“ (IPI) ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს „გრანტების შესახებ კანონში“ და აცხადებს, აღნიშნული კიდევ უფრო მეტად იზოლირებულს გახდის მედიას და ჟურნალისტებს.
IPI აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მართულმა პარლამენტმა უარი უნდა თქვას ამ შემზღუდავი ცვლილებების მიღებაზე და გააუქმოს არსებული რეპრესიული კანონმდებლობა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ IPI და MFRR-ის (მედიის თავისუფლების დაუყოვნებლივი რეაგირება) პარტნიორი ორგანიზაციები მკაცრად გმობენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინადადებებს იმ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც გრანტებისა და უცხოური დაფინანსების მიმღებთა მიმართ დამატებით შეზღუდვებსა და სანქციებს აწესებს.
„ჩვენი ორგანიზაციები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ ამ ცვლილებების იმპლემენტაცია გააძლიერებს ისედაც შემზღუდავ საკანონმდებლო გარემოს, რომელიც მიმართულია მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერის წინააღმდეგ. ამან შესაძლოა ქართველ ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს ყოველგვარი დამოუკიდებელი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა წაართვას“, – ნათქვამია განცხადებაში.
IPI მიმოიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 28 იანვარს დააანონსა. ინიციატივა გრანტების კანონის დარღვევისთვის ჯარიმას, 300-დან 500 საათამდე საზოგადოებრივ შრომას ან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
IPI მიუთითებს ძირითად ცვლილებებსა და საფრთხეებზე:
„გრანტის“ ცნების გაფართოება: წინადადება მნიშვნელოვნად აფართოებს „გრანტის“ განმარტებას – ფაქტობრივად ნებისმიერი უცხოური დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია საჯარო, პოლიტიკურ ან პოლიტიკაზე ორიენტირებულ საქმიანობასთან, გრანტად ჩაითვლება.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა: მედიაორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც მიიღებენ გრანტებს ან დაფინანსებას მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე, შესაძლოა 6 წლამდე პატიმრობა დაემუქროთ.
მომსახურების ანაზღაურების შეზღუდვა: უცხოური აქტორების მიერ ჟურნალისტური მომსახურების, კვლევის ან ექსპერტიზის საფასურის გადახდაც კი შესაძლოა უკანონო გრანტად იქნას მიჩნეული.
მთავრობის კონტროლი ადგილობრივ ბიუროებზე: უცხოურ ორგანიზაციებს, ასევე უცხოეთში რეგისტრირებულ იმ სუბიექტებს, რომლებიც ძირითადად საქართველოში საქმიანობენ, „ქართული ოცნების“ მთავრობის ნებართვა დაჭირდებათ თავიანთი ადგილობრივი ბიუროების და წარმომადგენლობების დასაფინანსებლად.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში ჩნდება „დამამძიმებელი გარემოება“ – „ფულის გათეთრება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საშინაო პოლიტიკურ საქმეებთან“, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
IPI ხაზს უსვამს, რომ ეს ინიციატივები ემატება 2025 წელს უკვე მიღებულ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც ძირს უთხრის მედიის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას. Mapping Media Freedom-ის მონიტორინგის მიხედვით, საქართველოში მკვეთრად გაიზარდა სამართლებრივი ინციდენტების რაოდენობა, რამაც ყველა დაფიქსირებული შემთხვევის 42.0% შეადგინა. 2025 წელს დოკუმენტირებული 60 სამართლებრივი ინციდენტი თითქმის ორჯერ აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს (33 შემთხვევა).