IPN: ჩვენს ფოტოკორესპონდენტს თავს დაესხნენ, მას დაზიანებები თავის არეში მიაყენეს

პუბლიკა

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტ გიორგი ნიკოლიშვილს „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ – ინფორმაცია „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი თავს ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაესხა. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა.

გამოცემის ცნობით, ფოტოკორესპონდენტი კლინიკაშია გადაყვანილი. მას თავის არეში აქვს მიყენებული დაზიანებები, მათ შორის, გამოკვლევების შედეგად, აღენიშნება ტვინში სისხლჩაქცევები.

კლინიკის ცნობით, ფოტოჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა ამ ეტაპზე სტაბილურია.