საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ მთავრობის მიერ სუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი, 4 პროცენტის ოდენობით, რაც ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება დაახლოებით 7 პროცენტამდე.
„საქართველოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა, დეველოპერულმა სექტორმა ერთობლივად შევიმუშავეთ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებები. ვთანხმდებით, რომ დღეს მთავარი გამოწვევაა შემცირებული შესყიდვები. იმისთვის, რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, აუცილებელია, დეველოპერულ სექტორში გავზარდოთ მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ საცხოვრებელი ბინების შეძენა გავხადოთ უფრო მეტად ხელმისაწვდომი.
ამ ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის საქართველოს მთავრობა განახორციელებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც განზრახული აქვს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ბინის ყიდვა, მნიშვნელოვანი შეღავათები იქნება ხელმისაწვდომი, თუ ისინი წლის ბოლოს აიღებენ იპოთეკურ სესხს, უძრავი ქონების შესაძენად.
რაც შეეხება კონკრეტულად სუბსიდირების ნაწილს, მთავრობის მიერ სუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი, 4 პროცენტის ოდენობით, რაც, დღეის მდგომარეობით, ნიშნავს, რომ, დაახლოებით, საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7 პროცენტამდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი. არასოდეს დენომინირებულ ლარში აღებულ სესხებზე მსგავსად დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ ყოფილა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 000ლარამდე სესხის აღებას.
„სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 000 ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, ანუ მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. რატომ 5 წლის განმავლობაში – მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 10 ან 15-წლიანი, პირველი 5 წელი არის ის პერიოდი, როდესაც მსესხებელი ყველაზე მეტ საპროცენტო ხარჯს გასწევს და სახელმწიფო ეხმარება მას, რომ ეს საპროცენტო ხარჯი შეუმსუბუქოს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.