იქ არ უნდა ასულიყვნენ საერთოდ ჟურნალისტები - ჯაღმაიძე მარტვილში მომხდარზე

პუბლიკა

„ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, ის, რაც დღეს მთელმა საქართველომ ნახა, შესაძლებელი არის, შეედაროს მხოლოდ ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს. მსგავსი რამ არ ყოფილა საქართველოში, არ მომხდარა კომუნისტების დროიდან“, – ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მარტვილში განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, ეს იყო გარედან შეჭრის მცდელობა ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს.

„მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს არც ერთ ეკლესიას. ეს არის გაუგონარი თავხედობა და ეს უნდა ეხებოდეს ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელ საქართველოს მოქლაქეს. ეს არის ფეხქვეშ გათელვა ეკლესიისა და სიწმინდისა“, – თქვა ჯაღმაიძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, ვის გულისხმობს, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს: „ვინც უვარდებოდა, თქვენ ნახეთ კადრები და ხვალ კიდევ დაწვრილებით მოგაწვდით კადრებს“.

მისი განმარტებით, მიმდინარეობდა სასულიერო პირების კრება, რომელზეც შეიჭრნენ.

„ეს არის რეზიდენცია, რომელსაც აქვს უფლება, ჩაატაროს კრება დამსწრეების გარეშე სასულიერო პირებმა. ყოველგვარი შეჭრა უნებართვოდ არის შეჭრა“, – განაცხადა დეკანოზმა. მისი თქმით, არანაირი მიზეზი არ ამართლებს რეზიდენციაში შეჭრას.

საპატრიარქოს წარმომადგენელმა „ბევრი მღვდელმთავრის სახელით“ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მიტროპოლიტ სტეფანეს.

„მრევლის პროტესტი არ ამართლებს რეზიდენციაში შეჭრას ძალით. თუ ვინმე იტყვის, რომ თუ მრევლს ან სასულიერო პირს რამე არ მოსწონს, გამართლებულია შევარდნა რეზიდენციაში კრების დროს, კარების ძალით ნგრევა, გაამართლეთ მაშინ ეს საქციელი.

ძალიან ვწუხვარ, რომ მოხდა ეს ინციდენტი და დაზიანდნენ იქ ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები და ვუსურვებ გამოჯანმრთელებას, თუმცა ეს ერთი მხარეა, მეორე არის ის, რაც მე ვთქვი.

სამწუხაროა, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ. იქ არის ვიწრო აივანი, ბევრი ხალხი იყო ასული და იქ არ უნდა ასულიყვნენ საერთოდ ჟურნალისტები, კრება არის და ერთი შუშა ყოფს აივანს და კრების დარბაზს. იქ არ უნდა ყოფილიყვნენ ჟურნალისტები“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.