3 ოპოზიციური ცენტრი ორშაბათს, 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს.
განცხადება „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, „კოალიცია ცვლილებებისთვის” და „ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა ერთობლივად გააკეთეს.
სწორედ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.
ანა დოლიძის თქმით, ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, 26 ოქტომბრის საპარლმენტო არჩევნების არალეგიტიმურად აღიარება.
„ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, 19:00 საათზე, რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, თუ როგორ – კანონის მიხედვით, სამართლებრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
განცხადების გაკეთებამდე მათ რამდენჯერმე გამართეს კონსულტაციები. შეხვედრასა და ბრიფინგზე არ ყოგილა „გახარია-საქართველოს” არც ერთი წარმომადგენელი.
მოგვიანებით ანა დოლიძემ „ფეისბუქზე” დაწერა:
„გეგმა:
1. არჩევნების საერთაშორისო არაღიარების მიღწევა.
2. საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების გრძელვადიანი დაცვა საერთაშორისო გამოძიებით ევროკავშირის და აშშ-ის მხრიდან და ამ გამოძიებისთვის მასალების მიწოდებით.
3. არჩევნების შედეგების გაუქმება.
სამართალი, დიპლომატია და პროტესტი. ბევრნი ვართ, მოგებულები ვართ და ეს ყველაფერი გამოგვივა”.
„კოალიცია ცვლილებებისთვის” წერს:
- „არ შევდივართ პარლამენტში და იზოლაციაში ვტოვებთ რუსულ რეჟიმს.
- შევქმენით ინტერპარტიული კოალიცია, რომელიც მუშაობს პრეზიდენტთან ერთად.
- ხვალ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს წარვუდგენთ მასშტაბური გაყალბების მტკიცებულებებს.
- ორშაბათს, აქციიდან, ქართველ ხალხთან ერთად ამ მტკიცებულებების საფუძველზე მოვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას.
- ჩვენ ვიწყებთ ერთობლივ საპროტესტო მოძრაობას ახალი არჩევნების მოთხოვნით”.