მიქანაძე: 26 NGO მხარეა და საერთაშორისო მისიებმა მათი ინფორმაცია არ უნდა გაითვალისწინონ

პუბლიკა

დეპუტატმა გივი მიქანაძემ დღეს პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც „ოცნების“ აზრით, ოპოზიციურ პარტიებთან არიან კავშირში და „ვითომ ნეიტრალურები“ სინამდვილეში  მმართველი გუნდის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. მიქანაძის თქმით, ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრაცია გაიარა 49 ადგილობრივმა ორგანიზაციამ, მათგან 19 „საჯარო წყაროებზე დაყრდნობით“ და „ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევით, ოპოზიციურ პარტიებთანაა კავშირში, ხოლო 7 „ვითომ ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაციაა“.

„დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული, ანუ საერთო ჯამის 53%. პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირების დასადგენად კვლევის მეთოდოლოგიად გამოყენებულ იქნა რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა დამფუძნებლების, გამგეობისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლების საჯარო კავშირები პოლიტიკურ სუბიექტებთან. გამოხატული პოლიტიკური სუბიექტის წევრობის ან მათ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებებითა და გაწეული შემოწირულობებით. რაც შეეხება მიკერძოებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათი იდენტიფიცირება განხორციელდა მათ მიერ საჯარო სივრცეში მმართველი გუნდის საწინააღმდეგო პროპაგანდითა და/ან მათ მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშებში მმართველი გუნდის მიერ საჯაროდ არაერთხელ გაცხადებული ათეულობით წინასაარჩევნო დარღვევის ასახვისგან თავის შეკავებით“, – თქვა მიქანაძემ.

მისივე მტკიცებით, ამ ორგანიზაციების მიერ წარმოებული მონიტორინგი მიკერძოებული იქნება, ამიტომ სურთ, მათზე ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადოებას და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.

„მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში და არ გაითვალისწინოს მათგან მიღებული სუბიექტური ინფორმაცია“. – თქვა მიქანაძემ.