„სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის”, – სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან, – ამის შესახებ საგანგებო განცხადება მათ პარლამენტის წინ გააკეთეს.
მათ ასევე მოუწოდეს მხარდამჭერებს, 8 აპრილს ღამის გათენებისკენ.
„ჩვენი შვილები, ძმები, დები და მეგობრები დღეს არიან სინდისის პატიმრები. ისინი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობიანად აპროტესტებდნენ ხელისუფლების უკანონო ქმედებებს, არჩევნების გაყალბებას, დემოკრატიული პრინციპების ფეხქვეშ გათელვას და ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევას. მათი დაკავება არის პოლიტიკური რეპრესიების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებასა და განსხვავებული აზრის ხმის ჩახშობას.
ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის და ვაცხადებთ შემდეგს:
გვინდა, დავიწყოთ წინადადებით:
- 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო რუსეთმა;
- აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა.
მადლობა ყველა ჯარისკაცს, გენერალს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის დაცვისა და შეუდრეკელი სულისკვეთებისთვის, რამაც დღემდე ღირსეულად მოგვიყვანა.
ჩვენ ქედს ვიხრით თქვენი თავდადებისა და ბრძოლისთვის. შესაბამისად, არავის მივცემთ უფლებას, რომ ეჭვი შეიტანონ თქვენს სულისკვეთებასა და პატრიოტიზმში. დავიცავთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ შვილებს, ძმებს, დებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის იდეისთვის და არ დავუშვებთ მათ უდანაშაულოდ ციხეში დარჩენას.
ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ მათი გათავისუფლებისთვის.
მოვითხოვთ ყველა უკანონო პატიმრის გათავისუფლებას, ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნას, სადაც ხალხი თავისუფლად გადაწყვეტს საკუთარი ქვეყნის მომავალს.
ჩვენ ვუხმობთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება და სამართლიანობა. სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტებს, მედიას, ხელოვანებს, მასწავლებლებს, ექიმებს, მთელ საქართველოს, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შვილების ან ერთი ჯგუფის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა ყველასთვის, ვისაც არ სურს დიქტატურა, რუსეთის გავლენა და უსამართლობა.
დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ, წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იქნება მტკიცე და შეუპოვარი. გთხოვთ, შემოგვიერთდით ამ ბრძოლაში და ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი.
ვიკრიბებით 8 აპრილს მემორიალთან და ვათენებთ ღამეს ერთად.
9 აპრილს დაღუპულთა სულების პატივსაცემად რუსთაველის გამზირზე.
გამარჯვება ხალხშია, გავიმარჯვებთ სახელოვნად”, – ნათქვამია სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების ერთობლივ განცხადებაში.