29 სექტემბერს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში მოიცავს 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.
ISFED-ის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ნანუკა ჟორჟოლიანის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენაზე. კერძოდ, ორგანიზაცია წერს, რომ რადგან ჟორჟოლიანი საარჩევნო კამპანიის პარალელურად ჟურნალისტურ საქმიანობას აგრძელებს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული პოლიტიკური რეკლამის რეგულაციები.
„23 სექტემბერს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. იგი არჩევნებში მონაწილეობას „ძალა ერთობაშიას“ სახელით მიიღებს. ამავე დროს ის აგრძელებს ჟურნალისტურ საქმიანობას. კანდიდატის საქმიანობიდან გამომდინარე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება პოლიტიკური რეკლამის შესახებ საარჩევნო კოდექსით დადგენილი რეგულაციების არსი და იქმნება უსამართლოდ უპირატესი გარემო ტელევიზიაში მომუშავე კანდიდატისთვის. ასევე, არსებობს უკანონო შემოწირულობის მიღების რისკი“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
23 სექტემბერს ნანუკა ჟორჟოლიანმა თავისი საავტორო გადაცემის „სხვა ნანუკას“ ეთერში გამოაცხადა, რომ გადაწყვიტა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყაროს.
„მე ყოველ ოთხშაბათს, საღამოს 22:00-ზე ვიქნები აქ, თქვენი პრობლემებით, სხვა ადამიანის პრობლემებით და არ გეგონოთ, რომ კონკრეტულ ლოკალურ პრობლემებში ჩავრჩები, მე მოგისმენთ ყველას“, – თქვა ნანუკამ თავისი პოლიტიკური გეგმების მიმოხილვის დროს.