იქნებ დაისვას რეპეტიციების აღდგენის, კინოს, თეატრისა და მუზეუმის გახსნის საკითხი - დუმბაძე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წინაშე სამთავრობო გეგმის პრეზენტაციის დროს უმრავლესობის დეპუტატმა, ქეთი დუმბაძემ ირაკლი ღარიბაშვილს შეკითხვით მიმართა.

ქეთი დუმბაძემ მინისტრობის კანდიდატებს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების ის პრობლემები გააცნო, რომლებიც კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია.

„3 მარტიდან კულტურის ორგანიზაციები სრულად დახურულია. არ არის დაშვებული არც ღია ღონისძიებები და არც სარეპეტიციო საქმიანობა. რთული ვითარებაა სახელოვნებო – ქორეოგრაფიული, მუსიკალური,  სამხატვრო წრეების მუშაობის მიმართულებით.

წელს უკვე 8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებისა და 15 თებერვლიდან საგანმანათლებლო დაწესებულებების აღდგენასთან ერთად იქნებ დაისვას საკითხი თეატრების, ანსამბლების, ორკესტრების სარეპეტიციო საქმიანობის აღდგენის შესახებ, რადგან თუ მათ ახლა არ მიეცათ საშუალება, აკრძალვების მოხსნისას მაყურებლისთვის არაფერი ექნებათ წარსადგენი.

იქნებ, განიხილოთ გარე ღონისძიებების, თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის შესაძლებლობაც. იქნებ, დავფიქრდეთ სამუზეუმო საქმიანობის აღდგენის შესახებაც, რადგან მუზეუმებში რისკი მინიმალურია – ნაკადი გამდინარეა. რეგულაციები უზრუნველყოფს უსაფრთხოებას“, – განაცხადა ქეთი დუმბაძემ.