იქნებ უბრალოდ ემხრობა ნამახვანჰესის საპროტესტო აქციას?! – დავითულიანი ყოფილ პოლიციელზე

პუბლიკა

„თუ რაიმე აქვს პრეტენზია სამართლებრივი, მიხედოს საქმეს, იჩივლოს”, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა დავითულიანი იმერეთის პოლიციის ყოფილი გამომძიებლის განცხადებას სამსახურიდან წასვლის შესახებ.

„ყველა ადამიანს, აქვს შესაძლებლობა, რომ მივიდეს საკუთარ საცხოვრისში. თუ ეს მისი საკუთრებაა, ამას პოლიცია ვერ აუკრძალავს და ტყუილია, თუ ეს ასე ითქვა…

სისტემას ტოვებს დღეში ასობით ადამიანი –ზოგი რა მიზეზით, ზოგი რა მიზეზით. თუ რაიმე აქვს პრეტენზია სამართლებრივი, მიხედოს საქმეს, იჩივლოს… უკანონოდ ვიღებთ ბრძანებასო, რომ ამბობს, ამას უნდა დადასტურება. იქნებ, უბრალოდ, ემხრობა ამ „ნამახვანჰესის” საპროტესტო აქციას, შინაგანად ამის მომხრეა და ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი?!”, – თქვა დავითულიანმა „მთავარ არხთან”.

ზურაბ ხმელიძის თქმით, მან ნამახვანჰესთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების გამო მიიღო სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება.

„მე მინდა გავაკეთო ასე პირდაპირ განცხადება სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ფაქტამდე მიმიყვანა იმ გარემოებამ, რაც ხდება ნამოხვანში. სოლიდარობას ვუცხადებ ვარლამ გოლეთიანს, ქალბატონ მაკა სულაძეს და იქ მდგომ თითოეულ ადამიანს, რომლებსაც უკანონოდ ელახებათ კონსტიტუციური უფლება და არ აქვთ თავიანთ სახლში გადაადგილების უფლება, ელემენტარულად.

პოლიციის მიერ, ანუ, ჩემ მიერაც… მონაწილეობას ვიღებდი, ასე რომ ვთქვათ, ხეობის ორად გაყოფაში და ამ ადამიანებს, ვინც ცხოვრობდნენ რეალურად იქით, ჰყავთ მშობლები, აქვთ სახლები, ვუზღუდავდით თავისუფლად გადაადგილების უფლებას. ძალიან მოქმედებს ადამიანის თავმოყვარეობაზე, სინდისზეც, ნამუსზეც… როდესაც უბრალოდ მოქალაქეს აქვს თავისი ბრძოლა თუნდაც ქვეყნისთვის და შენ ფორმიანი ადამიანი, რომელსაც გევალება საკუთარი მოქალაქეების დაცვა და მიწის დაცვა, განზე ხარ და რეალურად ხელს უშლი”, – ამბობდა ის „მთავარ არხთან” ინტერვიუში.


11 აპრილს პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები აიღო. ამ დღიდან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათჰესთან არიან შეკრებილი. პოლიციას ამ ადგილზე გზა აქვს გადაკეტილი. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მოითხოვენ, რომ პოლიციამ მათ სოფელ ნამოხვანში გადაადგილებისა და იქ პროტესტის საშუალება მისცეს.