ამ წუთებში პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია „დავიბრუნოთ ქვეყანა“, სადაც შეკრებილი ადამიანები პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას აპროტესტებენ. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელები და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები., მათი საერთო მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია, რომელიც პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.
დღეს აქცია 3 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეებს ორგანიზატორების გეგმა პარლამენტის პიკეტირებაზე გრიგოლ ვაშაძემ გააცნო.
„ევროპულის საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის შენობაში შესასვლელ ერთ-ერთ რკინის კარს ბოქლომი დაადო. როგორც პარტიაში ამბობენ, ისინი სხვა შესასვლელებსაც ჩაკეტავენ.
გიგი უგულავას თქმით, არ იქნება მხოლოდ ბოქლომები, იქნება ცოცხალი ჯაჭვი, ადამიანები 24 საათის განმავლობაში პარლამენტთან იმორიგევებენ.
„არცერთი კრიტერიუმით მუშაობის უფლება აღარ აქვთ. შიგნით არის სპეცრაზმი. გაინაწილეთ კობახიძე-თალაკვაძის კაბინეტები, არავინ ხელს არ შეგიშლით. თქვენია ეს შენობა და როგორც გინდათ, მოიხმარეთ.
ბუნებრივია არ არის მარტო ჯაჭვი, ცოცხალი ჯაჭვი იქნება და ადამიანები 24 საათის განმავლობაში იმორიგევებენ, რომ ოცნების დეპუტატებმა ვერ შეძლონ შესვლა”, – თქვა უგულავამ.