იქნება ფრენების შეჩერება თუ სხვა რამ, ყველაფერს გავაკეთებთ - გახარია კორონავირუსთან ბრძოლაზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება ყველა ზომას გამოიყენებს, რომ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანი იყოს. მათ შორის, შესაძლოა, შეჩერდეს ფრენებიც კონკრეტულ ქვეყნებთან.

„ყველა ის აუცილებელი მექანიზმი ამუშავდება, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოში შესაბამისი ვირუსის წინაააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად. ეს იქნება ფრენები თუ სხვა რაც იქნება საჭირო, ყველაფერს გავაკეთებთ. მიმდინარეობს მუდმივი მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს კონტროლი“,- განაცხადა გახარიამ.

ბოლო პერიოდში ირანში კორონავირუსით გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ირანში კორონავირუსთან დაკავშირებით ეპიდსიტუაციის გაუარესება არის სერიოზული პრობლემა მისი მეზობელი ქვეყნებისთვის.

ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხის გამო ირანში მოგზაურობაზე თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

CNN-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირების 80 000-მდე შემთხვევა დადასტურდა. ვირუსს 2 462 ადამიანი ემსხვერპლა, 20 მათგანი ჩინეთს გარეთ.