პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დასრულდა. პარტია „ლელოს საქართველოსთვის“ წევრი მამუკა ხაზარაძე ამბობს, ოპოზიცია ერთიანია და აპირებს ბრძოლის გაგრძელებას.
„გადაწყვეტილება არის ერთი, როგორც არასდროს – სხვადასხვა იდეოლოგიის პარტიები არიან ერთიანები, რომ ჩვენ ამ ქვეყანას ვერ გავატანთ ამ მოძალადე ხელისუფლებას და ოლიგარქიას.
აქედან გამომდინარე, შევთანხმდით იმაზე, რომ იქნება შეუპოვარი ბრძოლა, ყველანაირი მშვიდობიანი მეთოდით, რა თქმა უნდა. გამოსავალი თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს არის რიგგარეშე არჩევნებში, პოლიტპატიმრების გამოშვებაში. მოვუწოდებ ყველას, ჩვენი ქვეყნის მეგობარს, დიპლომატებს და სამოქალქო სექტორს [მხარდაჭერისთვის] ეს არ არის ემოციური ნათქვამი, ეს თემა ეხება ჩვენ ქვეყნის ხვალინდელ დღეს, “- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის კონკრეტული მოთხოვნებია ნიკა მელიას გათავისუფლებადა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.