„იქნება უწყვეტი პროტესტი" | ენმ-ის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

პუბლიკა

„ხვალ, 26 თებერვალს, 1-ლ საათზე ვიკრიბებით ფილარმონიასთან. იქნება მსვლელობა პარლამენტამდე, გამოცხადდება სამოქმედო გეგმა“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, იქნება უწყვეტი პროტესტი გამოხატვის სხვადასხვა ფორმით.

„პროტესტი იქნება უწყვეტი. გაიშლება ბევრი კარავი. პროტესტი იქნება სხვა ქალაქებში. პროტესტი იქნება თითოეული „ქართული ოცნების“ ცახესი პარლამენტარის მიმართ. თითოეული საპარლამენტო საქმიანობის პარალელურად იქნება პიკეტები, სირცხვილის კორიდორები. იქნება ასევე აქციები სხვადასხვა სამინისტროსთან. რა თქმა უნდა, რეგიონულ ქალაქებშიც იქნება მანიფესტაციებიც და მსვლელობები და კონსტიტუციით დაშვებული ყველა ხერხი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

„ვიწყებთ უწყვეტ პროტესტს. რომელიც დაიწყება 26-დან, და სხვადასხვა დღეს სხვადასხვა აქცია იქნება დაგეგმილი. ახლა [26-ში] მსვლელობა იქნება ფილარმონიიდან პარლამენტისკენ, შემდეგ გადავალთ კანცელარიისკენ და ასევე მოხდება სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული ადამიანების მიერ კარვების განთავსებაც. ასევე, ყოველდღიურად სხვადასხვა ჯგუფის მიერ მოეწყობა საპროტესტო ღონისძიებები“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, გამოიყენებენ პროტესტის კრეატიულ ფორმებს, მოთხოვნები კი უცვლელია – ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი  არჩევნები.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ ოპოზიციისა და საზოგადოების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მისი თქმით, აქციების ეპიცენტრი მხოლოდ თბილისი არ იქნება. ისინი გაიმართება სხვადასხვა ქალაქში. უდუმაშვილის თქმით, ოპოზიცია არ შეეგუება კომენდანტის საათს.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დაგეგმილი აქციების წყობა მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ხელისუფლებისთვის. ბურჯანაძის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს და ახალი არჩევნები დაინიშნოს.