ბერაიას ხსენების გამო ელისაშვილს ჯერ მიკროფონი გაუთიშეს, შემდეგ კი დარბაზიდანაც გააძევეს

პუბლიკა

ხმაური და დაპირისპირება იყო პარლამენტის სხდომათა დარბაზში – ოპოზიცია ისევ ითხოვს ირაკლი ბერაიას გადადგომას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან.

ბერაია, რომელმაც ორი დღის წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს თეონა აქუბარდიას, საპარლამენტო თანამდებობაზე რჩება. პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილმა გუშინ, 1 ნოემბერს თქვა: „არ გადადგება ბერაია და არც არავინ აპირებს”.

დღეს პაპუაშვილმა „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს მიკროფონი გაუთიშა მაშინ, როცა მან საუბარი ირაკლი ბერაიაზე დაიწყო. მოგვიანებით, ელისაშვილსა და დაჩი ბერაიას შორის იყო სიტყვიერი დაპირისპირება, რის შემდეგაც პაპუაშვილმა ის დარბაზიდან გააძევა.

  • ელისაშვილი: აქ, ამ დარბაზში, ბატონი ბერაიას საქციელის….. (თავმჯდომარემ გაუთიშა მიკროფონი)
  • პაპუაშვილი: ბატონო ალეკო, დაიოკეთ ნერვები, არ არის საჭირო… გუშინ პასუხი ყველამ მიიღო”, – უთხრა პაპუაშვილმა, რამდენიმე წუთში კი მანდატურებს მიმართა -„გააძევეთ დარბაზიდან”. 

პარლამენტის თავმდჯომარემ, ხატია დეკანოიძესაც არ მისცა შესაძლებლობა ირაკლი ბერაიაზე ესაუბრა. „პარლამენტი არ არის ცირკი… არ მოგცემთ შესაძლებლობას”, – უთხრა პაპუაშვილმა დეკანოიძეს. 

„ოცნების“ წევრმა და პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმდჯომარემ ირაკლი ბერაიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თეონა აქუბარდიას. ამის შემდეგ ოპოზიცია მის გადადგომას ითხოვს.

„გადადგომის მოთხოვნა არსერიოზულია… მან გამოხატა სინანული”, – თქვა გუშინ კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ კი ოპოზიციას მიმართა: „შეირგეთ ის ბოდიში”.