ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

პუბლიკა

პოლიციამ ბათუმში ერთი პირი დააკავა გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო, რა დროსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ მიერ გამართულ აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრს, ირაკლი ჩავლეიშვილს აქტივისტმა თავზე ნაგავი დააყარა.

მოქალაქე პოლიციამ „ალტერნატივას“ ოფისთან დააკავა. თავდაპირველად ინფორმაციას დაკავების შესახებ, „პუბლიკას“ შსს-ში ოფიციალურად არ უდასტურებდნენ, თუმცა მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა:

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ბათუმში, ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის – ირაკლი ჩავლეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაში. ი.ფ.-მ დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

რამდენიმე საათის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით.

გუშინ, 23 იანვარს, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრ ირაკლი ჩავლეიშვილს მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ისინი ირაკლი ჩავლეიშვილს ეძახდნენ მოღალატეს იმის გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შევიდა ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოში.