ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელს შეხვდა

პუბლიკა
content image

ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილეს კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში აბდულლა ნასსერ ლუთას.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აბდულლა ნასსერ ლუთამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერის სახელით გადასცა მოსაწვევი მმართველობის საკითხებზე მსოფლიო სამიტზე დასასწრებად, რომელიც 12-14 თებერვალს დუბაიში გაიმართება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა გამოიყენოს ეს პლატფორმა, რათა გააძლიეროს თანამშრომლობა პარტნიორებთან.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობას შეეხო. დადებითად შეფასდა ბოლო წლებში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ყურის ქვეყნებთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებით. საუბარი შეეხო ეკონომიკურ და მმართველობის სფეროში თანამშრომლობას;

განიხილეს საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და პოტენციალი. პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე, რომელიც მას აქვს როგორც ევროპისა და აზიის, ისე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან დაკავშირებადობისა და სატრანზიტო მიმართულებით.

განიხილეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების (CEPA) მნიშვნელობა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეთანხმება მტკიცე საფუძველს უყრის საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უფრო მყარი და კონსოლიდირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის გაცვლითი პროგრამის, პრემიერ მინისტრის ოფისის წარმომადგენელი − მანალ ბინ სალემი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდა.