ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა განიხილეს.
„ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის ანალენა ბერბოკს მადლობა გადაუხადა და ევროინტეგრაციის პროცესში დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში გერმანიამ არაერთხელ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი და აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, და კვლავაც გააგრძელებს კონსტრუქციული როლის შესრულებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ანალენა ბერბოკმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.” – ნათქვამია განცხადებაში.
ანალენა ბერბოკის ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ბერბოკმა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან გამართა.
შეხვედრა ოპოზიციურ პარტიებს, რეზიდენტს და სტუდენტებს. გერმანიის პირველმა დიპლომატმა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გამართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „მხოლოდ საქართველოს მთავრობა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, სამოქალაქო საზოგადოების გარეშე. და პირიქით, სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება საქართველოს ხელისუფლების გარეშე ევროკავშირის წევრი“.