ირაკლი ღარიბაშვილი კრისტიან დანიელსონს ხვდება. შეხვედრას ესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება კვლავაც მზად არის კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგისა და შესაბამისი შეთანხმების მოკლე ვადაში მიღწევისთვის.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება. ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას განაცხადა.
ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და კრისტიან დანიელსონმა განიხილეს ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ხაზი გაესვა სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის მნიშვნელობას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი.
კრისტიან დანიელსონი დილიდან პირველ შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართავს, რის შემდეგაც პოლიტიკურ მხარეებთან შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაგრძელდება.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. გუშინ საღამოს ის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. დიპლომატი საქართველოში ყოფნას 3 დღით გეგმავს და იმედოვნებს, რომ სამშაბათს ქვეყნის დატოვებისას „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკება წარმატებით იქნება დასრულებული.