„ძალიან მოხარულებით ვართ, თქვენო აღმატებულებავ, რომ დღეს თქვენ ბრძანდებით ჩვენს მსახურებაზე და გვინდა, რამდენიმე სიტყვით მოგვმართოთ“, – მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგების შემდეგ ამ სიტყვბით მიმართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ამბიონზე მიიხმო.
ღარიბაშვილმა ილია მეორეს, სასულიერო პირებსა და საზოგადოებას სვეტიცხოვლობა მიულოცა და ღმერთს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ „ყველაფერმა კარგად ჩაიარა ამ ბოლო დროს.
„მეუფე შიომ თავის ქადაგებაში საოცარი სიტყვებით ახსნა, თუ რამ მოიყვანა დღევანდელობამდე ქართველი ერი. რა თქმა უდნა, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომ ქართველი ერი გადაარჩინა სარწმუნოებამ და დედაეკლესიამ. ამიტომაც არის, რომ ქართველი ხალხი გამოირჩევა სწორედ უნიკალური ერთგულებით უფლისადმი, ჩვენი სარწმუნოებისადმი, ეკლესიისადმი. ბუნებრივია, ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ, დღესაც გავდივართ ბევრ განსაცდელს, მაგრამ უფლის რწმენითა და უფლის დახმარებით ჩვენ ყველა განსაცდელს დავძლევთ. ქვეყანა გავა სამშვიდობოს. დღეს ქვეყანას სჭირდება მეტი ერთიანობა, მეტი სიყვარული, მეტი სიმშვიდე. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა ამ ბოლო დროს, და ჩვენ გვჯერა, გვაქვს მომავლის ღრმა რწმენა და იმედი იმისა, რომ საქართველო გაერთანდება და საქართველო გაიმარჯვებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.