ირაკლი ღარიბაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პუბლიკა

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ჯარიმა განესაზღვრა.

პროკურატურის განცხადებით, ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს.

„საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თ/აღკვეთა განესაზღვრა.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.

ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე, სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

რას ედავებოდა ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურა?

გამოძიების ვერსიით, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც 2019-2024 წლებში თავდაცვის მინისტრის და პრემიერის პოზიციებს იკავებდა, ეკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და, ხელფასის გარდა, სხვა ანაზღაურების მიღება, თუმცა ღარიბაშვილი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში „ფარულად და შენიღბულად ეწეოდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა დიდი ოდენობით არალეგალურ შემოსავლებს.

გენერალური პროკურორის განცხადებით, ღარიბაშვილი უკანონო შემოსავლების ლეგალიზების მიზნით ქონებრივ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს მამისგან, ტარიელ ღარიბაშვილისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული გზით ლეგალურ ბრუნვაში მოექცა კერძო ბიზნესიდან მიღებული 830 000 ლარი.

ამის გარდა, გამოძიების ვერსიით, ღარიბაშვილმა 2023-24 წლებში შეიძინა და მამის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარის ორი ავტომანქანა.

მამის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა კომპანიის 100%-იანი წილი, რომელსაც საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება – მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები და წარმოადგენდა ღვინის საწარმოს. მოგვიანებით ეს ქონება გადაფორმდა ტარიელ ღარიბაშვილის მიერ დაფუძნებულ შპს „ღარიბაშვილის მარანზე“, სადაც 2023-25 წლებში ინვესტირებულ იქნა ჯამში 3 670 172 ლარი.

პროკურატურის განცხადებით, ღარიბაშვილმა თანხის ძირითადი ნაწილი უცხოურ ვალუტაში გადაიყვანა, შედეგად მიღებული 6 500 000 აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად.

ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.