ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც არის მევახშეების მეფე, გამოუცხადა სამოქალაქო ომი ერს - კაკაბაძე

პუბლიკა

მწერალი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, ამ ეტაპზე კლინიკაში იმყოფება. კაკაბაძე დაკავების შემდეგ შეუძლოდ გახდა.

კლინიკის პალატიდან გადაცემა „რეაქციაში“ ჩართვის დროს მან განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც არის მევახშეების მეფე, გამოუცხადა სამოქალაქო ომი ერს“.

მისი შეფასებით, პოლიციას არ ჰქონდა უფლება, დღევანდელ ვითარებაში ჩარეულიყო, მაგრამ საპატრულო პოლიციამ დაიჭირა აღმასრულებლის მხარე.

„ეს იყო აშკარად დავალება პირდაპირ ალბათ უმაღლესი ეშელონებიდან. საპატრულო პოლიციამ, ცრუ ბრალდებით, რომ თითქოს მათ აგინებდნენ ვიღაცები და ჩაწერილია ყველაფერი, ეს ხალხი კი არ აგინებდა მათ, არამედ ისინი პირდაპირ გადავიდნენ შეტევაზე და ბარბაროსულად, ფაშისტურად დაუწყეს საკუთარ შვილებს, საკუთარ ახალგაზრდებს ჟლეტვა პრაქტიკულად, იმისთვის, რომ ისინი იცავდნენ 2 წლის ბავშვის საცხოვრისს. ეს ხალხი მოიქცა, როგორც ნაცისტური პარტიის წევრები. პოლიცია არ უნდა დაემორჩილოს ამ მთავრობას, არავინ უნდა დავემორჩილოთ ამ მთავრობას და პარლამენტმა ხვალვე უნდა მიიღოს კანონი, რომ გამოსახლებები შეწყდეს საერთოდ, ამას ითხოვს ქართველი ხალხი და არა მევახშეები, რომლებიც არიან ქართველი ხალხის ძალიან პატარა პროცენტი“, – განაცხადა კაკაბაძემ.

მისი თქმით, გასახლების არსებულ პოლიტიკაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება და არსებული კანონი უსამართლოა და ის უნდა შეიცვალოს.

„მინდა, პირდაპირ მივმართო პოლიციელებს, ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან და შეიძლება ისეთივე დღეში აღმოჩდნენ, როგორც მარინა ხატიაშვილის ოჯახი აღმოჩნდა. ეს არის უდიდესი ტრაგედია და ყველა პოლიციელმა უნდა იცოდეს, რომ არ უნდა აღმართოს ხელი, არ უნდა დაემორჩილოს ამ კანონს, რომელიც უსამართლოა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კანონი აღარ იყოს. უმწვავესი აქციები დაიწყება და ჩვენ ამ ომს აუცილებლად მოვუგებთ ბიძინა მევახშეს და საქართველოს ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება, რომ მარინა ხატიაშვილს კი არ გაასახლებენ, აი, ხვალ რომ ასახლებენ ოჯახს, ზეგ რომ ასახლებენ, იმათ კი არ გაასახლებენ, არამედ ბიძინა ივანიშვილს გაასახლებენ მთლიანად საქართველოდან“, – განაცხადა მან.

კაკაბაძე ამბობს, რომ არსებობს ევროპული მოდელები, კანონმდებლობები, რომელიც კრძალავს ნებისმიერი მოქალაქის უსახლკაროდ დატოვებას, მოქალაქის თავისი ფართიდან გასახლებას. მისი თქმით, ეს დასავლეთ ევროპაში მოცემულობაა.

„ჩვენ ევროპული ცივილიზაციის საწყისი ვართ. ჩვენ პელაზგების ერი ვართ, პელაზგური დემოკრატია იმას ნიშნავს, რომ ყველას ჰქონდეს საცხოვრებელი ფართი და ეს და ელემენტარული ადამიანური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება არის ფუნდამეტური უფლება და ეს დღევანდელმა ევროკავშირმა დაამტკიცა მეორე მსოფლიო ომის მერე. ამ დროს ჩვენთან ბიძინა ივანიშვილმა დაამყარა მევახშეების ქვეყანა, რესპუბლიკასაც ვერ ვუწოდებ, რომელიც ყველას ასახლებს, ყველას ყრის, გარდა პატარა  რაოდენობისა ოლიგარქებისა, რომლებიც დღეს მთელ საქართველოს ძარცვავენ. ჩვენ არ გავჩერდებით არც ერთ ვარიანტში, არც ციხე გაგვაჩერებს და არც სიკვდილი, იმდენს ვიზამთ, რომ ამ ბღუჯა ბანდიტებს, ამ ღორ კაპიტალისტებს გავყრით და გავასახლებთ საქართველოდან.

მე 2012 წელს მივწერე ბიძინეს წერილი, რომ როდესაც შენ გამოდიხარ და ლაქლაქებ ბევრს ნეოლიბერალიზმის  მხარდაჭერის შესახებ, ეს არის ხალხის მტრობა. ერთხელ მქონდა საუბარი მაგ პატარა კაცთან და მაშინვე  ვუთხარი, ბიძინე, უარი თქვი შენი ქონების დაცვის პრინციპზე, იყავი დემოკრატი, გადადი ხალხის მხარეზე. ნეოლიბერალიზმი არის ერთი-ორი კაცის ბატონობა, პოლიციური სახელმწიფო ერთი-ორი კაცის ქონების დასაცავად, აი, რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა, ჩვენ შენ გაგასახლებთ ქვეყნიდან. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური მოძრაობა, არ ვართ პოლიტიკური პარტია, ჩვენ ვართ საქართველოს ხალხი და ჩვენ შენ ამ ქვეყნიდან გაგასახლებთ, გპირდებით“, – განაცხადა მან.


აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ხატიაშვილების ოჯახი ბინიდან ძალის გამოყენებით გამოასახლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის დროს დაკავებულია ადმინისტრაციული წესით 18 და სისხლის სამართლის წესით, სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით, 2 პირი. გამოძიებაა დაწყებული პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მუხლით.