ირაკლი კაკაბაძე: ვიწყებთ კამპანიას - „გააბრაზე ბიძინა"

პუბლიკა

ჩვენ ვიწყებთ კამპანიას – „გააბრაზე ბიძინა”, „გადარიე ბიძინა”, – ამის შესახებ მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ „TV პირველის” ეთერში თქვა.

„…ნამდვილი ხელოვანი იყო შარლ ბოდლერი, ხომ იცით ბოდლერი, გეტოებში ეძინა მას. მიუხედავად იმისია, რომ ძალიან მდიდარი მშობლების შვილი იყო…

თუ გინდა, რომ იყო პოეტი, გააბრაზე ბურჟუაო. სიტყვა ეპატაჟი საიდან მოდის – Épater la bourgeoisie, ბიძინა უნდა გააბრაზო. ვისაც უნდა, იყოს პოეტი, ბიძინა უნდა გააბრაზოს. და ახლა, ჩვენ ვიწყებთ კამპანიას – „გააბრაზე ბიძინა”, „გადარიე ბიძინა”, გააბრაზე ყველის ვაჭარი და მოაწყვე ტაფაზეც და მის გარეთაც გადატრიალება ხელოვნების საშუალებით. ბიძინე, მე შენ გპირდები, ჩვენ მოგიწყობთ ამ გადატრიალებას ხელოვნების საშუალებით და თეა და სხვებიც, თუ ისინი რობოტებად დარჩებიან, გადაჰყვებიან ამ ტაფაზე ბიძინას”, – განაცხადა კაკაბაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას გულისხმობს ეს კამპანია, ვისთან ერთად იწყებს, როდის გაჩნდა იდეა, კაკაბაძე პასუხობს:

„დიდი ხანია, ეს კამპანია იგეგმებოდა 2024 წლისთვის, იმიტომ, რომ უკვე ამოვიდა ყელში ეს ვაჭრუკანების, მევახშეების რესპუბლიკა. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვიცავდით იმ ადამიანებს, ვინც სახლებიდან… 350 ათასი ოჯახი არის სახლებიდან ან გასახლებული ან გასახლების პირას.

მეორე – ბევრი ხელოვანია საქართველოში, მე ახლა არ დავიწყებ დასახელებას. საქართველო არის სავსე გენიოსებით. მე ახლა არ მინდა ვინმე დავასახელო, რადგან არ მინდა ვინმე გამომრჩეს. და თუ არავინ გამოვტოვე, ძალიან დიდხანს მომიწევს საუბარი.

აქედან გამომდინარე, როგორც ადრე იყო, გახსოვთ – შეიძლება 5 კაცი გამოვიდეს აქციაზე, მერე 5 000 და მერე 500 000, მაგრამ ამაში არაა საქმე.

ეს იქნება ქუჩის თეატრი, თავიდან ბოლომდე. წინასწარ ვეუბნები პოლიციასაც, მოემზადეთ, ძალიან საინტერესო იქნება. თქვენთვისაც კარგი იქნება, განათლებისთვის.

ეს იქნება არა მხოლოდ ესქილე, არა მხოლოდ დიონისე, არა მხოლოდ ოიდიპოს მეფე, არამედ ეს იქნება სტუმარ-მასპინძელიც, განდეგილიც, ტრაგედია უგმიროდ და დღევანდელი დიდებული ნაწარმოებებიც.

ამ ყველაფერს თქვენ ნახავთ; ნახავთ ისე, რომ აი, ეს თქვენი ვაჭარი ბიძინა ტყლაპივით ამოტრიალდება და დაეცემა, განერთხმება ამ ხელოვნებისგან, იმიტომ, რომ ხელოვნების ყიდვა შეუძლებელია ბიძინა. რაც არ უნდა ფული მისცე, ხელოვანს, შემოქმედს შენ ვერანაირად ვერ იყიდი”, – განაცხადა კაკაბაძემ.