ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა და პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.
დღეს ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომა, რომლის დასრულების შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი. კობახიძე ბრიუსელში გუშინ გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, კობახიძე შეხვედრას გამართავს NATO-ს გენერალურ მდივანთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში.
მთავრობის განცხადებით, ბრიუსელში პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრნენ და სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.