ირაკლი კობახიძე: 2028 წელსაც ვაპირებთ, საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვოთ 

პუბლიკა

„ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტია როგორც 2024, ისე 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას აპირებს.

კობახიძემ ეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დამრღვევად მიჩნევასა და პრეზიდენტის საპასუხო განცხადების შეფასების კონტექსტში თქვა.

მისი განცხადებით, „სალომე ზურაბიშვილი თავს ისაწყლებს”, როცა ამბობს, რომ პარლამენტში, იმპიჩმენტის პროცედურაზე მარტო იქნება, ამასთან, „თავსაც იიმედებს“, როცა მას არც „მოსაწყლების საფუძველი აქვს და არც იმედის”.

კარწინკის” ინტერესია, რომ საწყალი სალომე ზურაბიშვილი მარტო იჯდეს სხდომათა დარბაზში და ოპოზიცია მას ზურგს არ უმაგრებდეს […].

სინამდვილეში სალომე ზურაბიშვილს არც მოსაწყლების საფუძველი აქვს და არც – იმედის. ერთი – იცის, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს და მეორე – „ქართული ოცნება” მაგრად იქნება შემდეგი 4 წელიც და  იმის შემდეგი 4 წელიც. ჩვენ არა მხოლოდ 2024-ში ვაპირებთ არჩევნების მოგებას – 2028 წელსაც ვაპირებთ, საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვოთ”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო და პრეზიდენტის იმპიჩმენტზე „ქართული ოცნების” მოთხოვნა დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

განსხვავებული აზრი ჰქონდათ: გიორგი კვერენჩხილაძეს, ირინე იმერლიშვილს და თეიმურაზ ტუღუშს.

მანამდე, 13 ოქტომბერს „ქართული ოცნების” წევრებმა თქვეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან იმპიჩმენტზე უარი „კითხვებს გააჩენდა”, ვინაიდან „კონსტიტუციის დარღვევა ხელის გულზე დევს”.

„ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილება 1 სექტემბერს გამოაცხადა. მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავნა წარდგინება, რომელშიც მიუთითა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, როცა შეხვედრები და ვიზიტები უცხო ქვეყნის ლიდერებთან, მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გამართა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პროცესი პარლამენტში ინაცვლებს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, იმპიჩმენტის კენჭისყრა „მიმდინარე კვირის ბოლომდე გაიმართება”. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში ხვალ, 18 ოქტომბერს მივა.

იმპიჩმენტს 100 დეპუტატის ხმა სჭირდება, რაც მმართველ პარტიას არ აქვს. „ქართული ოცნება” ამბობს, რომ კენჭისყრით პრეზიდენტის იმპიჩმენტის ილუზია არ აქვს, მაგრამ როგორც ამბობენ, მთავარია, „მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ოფიციალურად დადასტურდა:.