ირაკლი კობახიძე 22-26 სექტემბერს აშშ-ს ეწვევა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე 22-26 სექტემბერს აშშ-ს ეწვევა – მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ის გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას და 25 სექტემბერს სესიაზე სიტყვით გამოვა.

„ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში“, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება.

დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან”, – აცხადებენ მთავრობაში.

მათივე ცნობით, კობახიძე, ასევე, დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.


16 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გამოცხადა ახალი სანქციები, რომლის თანახმადაც, ფინანსური სანქციები დაუწესდა საქართველოს 4 მოქალაქეს: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილ (ხარება) და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. ასევე, ძალადობრივი მოძრაობა „ალტ-ინფოს” ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ დამატებით სავიზო შეზღუდვები დაუწესდებოდა 60-ზე მეტ ქართველ ინდივიდს, მათ შორის მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, კორუფციაში ჩართულ ბიზნესმენებს, სამართალდამცავებსა და მათი ოჯახის წევრებს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.