ირაკლი კობახიძე ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024) მონაწილეობას მიიღებს, რომელიც 11-12 ივნისს გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიების მთავარი მიზანია, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.

„URC2024 ფოკუსირებული იქნება ოთხ თემატურ მიმართულებაზე: კერძო სექტორის მობილიზება აღდგენისა და ეკონომიკური ზრდისთვის; სოციალური აღდგენა და ადამიანური კაპიტალი უკრაინის მომავლისთვის; მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების აღდგენა; ევროკავშირში გაწევრიანება და მასთან დაკავშირებული რეფორმები.

კონფერენციის ფარგლებში ასევე განხილული იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მდგრადობა და უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ.

მაღალი დონის პოლიტიკურ ღონისძიებაში, რომელსაც პირველად მასპინძლობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე ბერლინში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.