საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ.
მანამდე კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა. მან სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა.
ირანული მედიების ცნობით, დაკრძალვაზე ჩავიდნენ ჰამასის და ჰეზბოლას ლიდერები, რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის და სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტი, მალაიზიის სპეციალური წარმომადგენელი, სერბეთის ოფიციალური პირები, ნიკარაგუის სპეციალური წარმომადგენელი, ქურთისტანის რეგიონის პრეზიდენტი და ტუნისის პრეზიდენტი კაისი; ომანის და იორდანიის სპეციალური წარმომადგენლები; ტაჯიკეთის პრეზიდენტი, ერაყის პრემიერი, თურქმენული ხალხის ეროვნული ლიდერი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი და პაკისტანის პრემიერი; სირიის პრემიერი; უზბეკეთის პარლამენტის თავმჯდომარე; შრი-ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრი; ავღანეთის ვიცე-პრემიერი; ლიბანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე; იემენის ანსარალას სპიკერი, კატარის ემირი და ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების ხელმძღვანელი და ა.შ.
ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ქვეყნის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ირანისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან დაბრუნების შემდეგ ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა, როდესაც მათი ვერტმფრენი ჩამოვარდა.
ებრაჰიმ რაისმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირან-აზერბაიჯანის საზღვართან „ხუდაფერინისა“ და „გიზ გალას“ კაშხალი გახსნეს.