საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე კობახიძემ და ორბანმა ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ვიქტორ ორბანის თქმით, ის დაელოდა არჩევნების შედეგების გამოცხადებას, რის შემდეგაც გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა. მანვე აღნიშნა, რომ შეისწავლა ის ანგარიში, რომელიც უნგრელმა დამკვირვებლებმა წარადგინეს და მისი თქმით, ანგარიში „ყველა ასპექტით იყო პოზიტიური”.
უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რომ აკვირდება იმ კამათს, რომელიც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, „შემიძლია ვთქვა, რომ არავის გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები და მისი შედეგები რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული“.
„მე არ მინდოდა საარჩევნო კამპანიის დროს საქართველოში ჩამოსვლა, რადგან ეს აღქმული იქნებოდა ჩვენი ჩარევის მცდელობად. ჩვენ დაველოდეთ შედეგებს და შემდეგ გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი თბილისში, ამიტომ მადლობა პრემიერ-მინისტრს არჩევნების შემდეგ მოწვევისთვის.
მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება. ვაკვირდები კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, ვეცნობი საერთაშორისო გამოხმაურებასაც და შემიძლია ვთქვა, რომ არავის გაუბედავს იმისი თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული, იმ კრიტიკული აზრის გარდა, რაც გამოითქვა. ეს ასეა.
ჩვენ, უნგრელები ასევე არჩევნებში ვაგზავნით ხოლმე ჩვენს დამკვირვებლებს და საქართველოშიც ასე იყო. შევისწავლე ის ანგარიში, რომელიც უნგრელმა დამკვირვებლებმა წარმოადგინეს და ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, ანგარიშში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ იყო საუბარი. ამიტომ მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს”, – განაცხადა ორბანმა.
ორბანმა კობახიძეს უთხრა, რომ „ოცნებამ” არჩევნების შემდეგ ევროპაში მიმდინარე კამათს „სერიოზულად არ უნდა შეხედოს”.
„უნგრეთში ჩატარდება არჩევნები, თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, არ აქვს მნიშვნელობა, ასე იღებენ, ასე აღიქვამენ. ლიბერალებს რომ გაემარჯვათ, მაშინ ეს იქნებოდა მთელ დასავლეთ ევროპაში გავრცელებული როგორც საუკეთესო ფორმაში მყოფი დემოკრატია. ახლა, რადგან კონსერვატიულმა არსმა და სულისკვეთებამ გაიმარჯვა, კამათი არსებობს უკვე ევროპაში. უკეთესი არჩევნების შემდეგაც ასე იყო ნებისმიერი სხვა ქვეყნის არჩევნების შემდეგ და საერთაშორისო პრესაშიც ასე ჟღერდება, მაგრამ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ […]
ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი არის მშვიდობისმოყვარე ქვეყანა ევროპაში და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენ მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ. არავის უნდა თავისი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა. ამიტომ, გვესმის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო, რომელმაც არჩევანი მშვიდობის მიმართულებით გააკეთა. უნგრეთშიც ასეა”, – თქვა ორბანმა.
თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისთვის და მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით უნგრეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება”.
კობახიძის თქმით, საქართველოს აქვს ზუსტად იგივე ფასეულობები და იბრძვის მის დასაცავად.
„ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს საერთო ფასეულობები, ჩვენ განსაკუთრებულად მივესალმებით უნგრეთის ხელისუფლების ძალისხმევას, აქტიურად დაიცვას საკუთარი ეროვნული იდენტობა, ფასეულობები, მათ შორის ქრისტიანული ფასეულობები და გაუფრთხილდეს ადამიანების პიროვნულ იდენტობას, რისთვისაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. ჩვენ გვაქვს ზუსტად იგივე ფასეულობები და ვიბრძვით იგივე ფასეულობებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერმა ისაუბრა უნგრეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, ასევე შავი ზღვის ელექტროგადამცემ პროექტზე და აღნიშნა, რომ ერთობლივი პროექტების განხორციელებას მომავალშიც დიდი ყურადღება დაეთმობა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოვიდა სამთავრობო დელეგაციასთან ერთად.
გუშინვე არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე გამოსული მოქალაქეები ვიქტორ ორბანს შეძახილებითა და სტვენით დახვდნენ.