გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე მსოფლიო ლიდერებს მიმართავს და „გააცნობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების და სხვა მრავალი მიმართულებით“.
ელჩის თქმით, კობახიძეს ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში პირველი გამოსვლა დღეს, 23 სექტემბერს ექნება „მომავლის სამიტზე“, ასევე დღესვე გამართავს შეხვედრას გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.
„მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას და სადაც შედგება შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.
გაეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთი უმთავრესი, რაშიც საქართველომ ბოლო წლებში აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი, არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელშიც ძალიან დიდ კონტრიბუციას სწორედ საქართველო აკეთებს. ასე, რომ საუბარი შეეხება რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს პროგრესს და ასევე იმ რეფორმებს, რომელიც მნიშვნელოვანია მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის“, – ამბობს დავით ბაქრაძე.
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე 22-26 სექტემბერს აშშ-ს ეწვევა – მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ის გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას და 25 სექტემბერს სესიაზე სიტყვით გამოვა.
მათივე ცნობით, კობახიძე, ასევე, დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.