ირაკლი კობახიძე - დიფსტეიტის დაკვეთით, სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო აგვისტოს ომი

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პრემიერი ირაკლი კობახიძე 7 აგვისტოს, დღეს, როდესაც 17 წლის წინ რუსული არმია საქართველოში შემოიჭრა, იმეორებს რუსულ დეზინფორმაციას, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

“სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ომი. სააკაშვილი გაყალბებული არჩევნებით დარჩა ხელისუფლებაში და სააკაშვილის არადემოკრატიულმა, სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო აგვისტოს ომი.

სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვით. 8 აგვისტოს, მთელი დღის განმავლობაში, სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ იყვნენ გადასული შეტევაზე, აპირებდნენ კონსტიტიუციური წესრიგის აღდგენას. 8 აგვისტოს განმავლობაში, ვიდრე შემდეგ მედვედევმა არ გააკეთა განცხადება ოპერაციის დაწყების თაობაზე, სააკაშვილი გვიმტკიცებდა, რომ აპირებდა ცხინვალის დაბრუნებას საკუთარი შეტევითი მოქმედებებით.

სააკაშვილის რეჟიმი არასდროს არ წარმოადგენდა საქართველოს. 2008 წლის შემდეგ ის არ წარმოადგენდა საქართველოს, გამომდინარე იქიდან, რომ დაამყარეს სისხლიანი დიქტატურა, გაყალბებით დარჩნენ ხელისუფლებაში, შესაბამისად, 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმი არ წარმოადგენდა საქართველოს.

ეს იყო კატასტროფული ავანტიურა, ეს იყო ღალატი, დაკვეთილი ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინ სააკაშვილის რეჟიმმა. Deep State-ის მიერ დაკვეთილი ღალატი იყო. თითოეული სამხედრო არის გმირი, განსხვავებით თქვენი ლაჩარი ლიდერისგან, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილი” – უთხრა მან ჟურნალისტებს.


2008 წლის აგვისტოს ომი

2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.

ვითარება აგვისტომდე რამდენიმე თვით ადრე დაიძაბა.

2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დასავლეთის სახელმწიფოების დიდმა ნაწილმაც აღიარა. რუსეთმა ეს საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯების გადასადგმელად სიგნალად მიიღო.

2008 წლის 2-3 აპრილს კი, ნატოს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ვადები სამიტზე არ დაზუსტებულა, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი გაუწევდა ქმედით დახმარებას “აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს”. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი გააკეთებდა “ყველაფერს, რათა არ დაეშვა უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანება”.

2008 წლის 16 აპრილს რუსეთის მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც რუსეთის სახელმწიფო უწყებებს დაევალა, პირდაპირი ოფიციალური ურთიერთობები დაემყარებინათ საქართველოს ორი რეგიონის სეპარატისტულ რეჟიმებთან.

საქართველოს ხელისუფლებამ პუტინის ეს განცხადება რუსეთის მიერ ამ რეგიონების ანექსიის მცდელობად შეაფასა. სამხედრო ესლაკაციაც ნაბიჯ-ნაბიჯ, 2008 წლის აპრილიდანვე დაიწყო.

7 აგვისტოს საქართველოში რუსული ჯარი შემოიჭრა.

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც.

2008 წლის სექტემებრში რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია.