„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს არის „ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში“.
კობახიძე ამტკიცებს, რომ „ასეთი გადაწყვეტილებების შედეგია ის, რომ ევროპული სტრუქტურები ქართული საზოგადოების აღქმაში მუდმივ დევალვაციას განიცდიან“.
„მინდა, გამოვეხმაურო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას. ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც გასცა საბჭომ, უკავშირდება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის პროცედურის შემოღების დაწყებას.
მიუხედავად იმისა, რომ ამ რეკომენდაციასაც არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, ის უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში.
ზუსტად ასეთი გადაწყვეტილებების შედეგია ის, რომ ევროპული სტრუქტურები ქართული საზოგადოების აღქმაში მუდმივ დევალვაციას განიცდიან, რაც არის სერიოზული პრობლემა.
თქვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ ჩატარდა ევროკავშირის მიერ ევრობარომეტრის კვლევა, რომლის თანახმადაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ევროპული სტრუქტურების მიმართ ნდობა საქართველოში შემცირებულია 6%-ით. სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები ამცირებს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული სტრუქტურების მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ დაასახელა 5 ქვეყანა (უნგრეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, იტალია, ესპანეთი), რომლებიც, მისი თქმით, სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომლებიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ცნობით, ბრიუსელში მინისტრების შეხვედრაზე შეთანხმდნენ ქართველი დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის საჭიროებაზე – მან, ასევე, ისაუბრა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს, მათ შორის დაფინანსების გადამისამართებით.
„შევთანხმდით დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის საჭიროებაზე და კომისია შესაბამის წინადადებას უკვე წელს წარადგენს. ასევე განვიხილეთ იმ ქართველი ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი.
მომავალში, გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათ შორის, დაფინანსების ხელისუფლებისგან სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ქართველი ხალხისთვის და დამოუკიდებელი მედიისკენ გადამისამართებით, რადგან საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია”, – განაცხადა მან.