მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 18 ივლისს მონაწილეობას მიიღებს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება.
50-მდე ქვეყნის ლიდერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილო ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ვუდსტოკში ბლენჰაიმის სასახლეში უმასპინძლებს.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განსახილველი ძირითადი საკითხებია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და არალეგალური მიგრაცია.
სამიტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები.
პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს დელეგაციაში იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.