ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე ალბანეთში ჩავიდა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში მიიღებს მონაწილეობას. მედიასთან კომენტარის დროს მან თქვა, რომ საშუალება ექნება, მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით გამოვიდეს. კობახიძის განცხადებითვე ამ ფორმატს გამოიყენებს, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს გაესაუბროს.

„მე მზად ვარ ყველასთან საუბრისთვის, ვანახოთ. ეს ფორმატი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არაერთ ლიდერს გავესაუბროთ. ყველაფერთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გარშემო შექმნილ ვითარებას, საქართველოს ევროინტეგრაციას, ყველა თემაზე გვექნება საუბარი“, – თქვა კობახიძემ.

კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი და „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არიან.

სამიტი ერთდღიანია, მასში 50-მდე ქვეყნის ლიდერი, ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.განხილვის მთავარი თემა, უკრაინის ომია, ლიდერები ასევე ისაუბრებენ უსაფრთხოებაზე, დემოკრატიაზე, მიგრაციაზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე.

ევროპელი მაღალჩინოსნები ჯერ პლენარულ სხდომას გამართავენ, შემდეგ კი იქნება სამი მაღალი დონის მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა.

ევროკავშირს სამიტზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა წარადგენს, რომელიც შეხვედრას ალბანეთის პრემიერ-მინისტრთან, ედი რამასთან ერთად უხელმძღვანელებს.