ირაკლი კობახიძე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

პუბლიკა

სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. განცხადებას მთავრობის პრესსამსაური ავრცელებს. სამთავრობო საკოორდინაციო ფორმატის ფარგლებში ითქვა, რომ ფასწარმოქმნა არსებითად თავისუფალი საბაზრო პრინციპების შესაბამისად უნდა მოქმედებდეს, თუმცა აფთიაქების შემთხვევაშიც შემოდის სოციალური კომპონენტი.

პრესრელიზის მიხედვით, „ქართული ოცნების” პრემიერი აცხადებს, რომ სააფთიაქო ქსელებში სხვა პროდუქტებიც იყიდება, სადაც ფასთა შორის სხვაობა დიდია. ხშირ შემთხვევაში სხვაობა ევროპის ქვეყნებთან 35-40 პროცენტს აღწევს, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და ა.შ 

მედიკამენტებისა და სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ ფასების შემცირება შესაძლებელია და მას გარკვეული მუშაობა სჭირდება, შესაძლოა რეგულაციების ცვლილებაც კი. ამაზე შეხვედრიდან გამოსული ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებიც საუბრობენ. 

ფასწარმოქმნის სისტემაში არ მონაწილეობს მხოლოდ მომწოდებლის ფასი. აქ არის რეგულაციიდან, პოპულაციიდან, რეგიონზე გათვლილი და დაწესებული ფასები. შესაბამისად იყო საუბარი, არის თუ არა სადმე რაიმე შესაძლებლობა, რომ მოხდეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსისთვის, მოსახლეობისთვის რაიმე დამატებითი შესაძლებლობის არსებობა – ილონა კოკიაშვილი,  საქართველოს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის პროგრამა უნდა გაფართოვდეს.

„უნდა გაფართოვდეს ნელ-ნელა და ყურადღებით იმიტომ, რომ გავიზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც გვქონდა წინა პერიოდში, რომ თავიდან ავირიდოთ შესაძლო დეფიციტი. საუბარია, სხვადასხვა ტიპის მექანიზმების განვითარებაზე. ბოლო პერიოდში სახელმწიფო პირდაპირ ყიდულობს ძვირადღირებულ მედიკამენტს მძიმე ქრონიკული დაავადებისთვის, ესეც არის მექანიზმი ფასების დაწევის –  განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველთან” ინტერვიუში. 

„ავერსის” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ შეიქმნება საკოორდინაციო „საბჭო” და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად სხვა სამინისტროებიც ჩაერთვებიან. მთავრობა სავარაუდოდ, მიიღებს იმ დადგენილებას, რომელიც რამდენჯერმე გადავადდა და რაც ბაზრიდან დაბალფასიანი მედიკამენტების გასვლას გულისხმობს. 

„ჩვენ წერილობით წარვადგენთ წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან იმისთვის, რომ წამლის ფასი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის. წინა მინისტრმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში წამლების რეგისტრაცია არის უმკაცრესი მსოფლიოში. ამიტომ ბევრი წარმოების წამალი,  ვინაიდან შედის ეს დადგენილება ძალაში, ორჯერ მოხდა მისი გადავადება, მაგრამ უახლოეს ხანებში შედის ძალაში… ბევრი წამალი აღარ იქნება ქვეყანაში, რომელსაც აქვს შედარებით დაბალი ფასი და მოსახლეობას მოუწევს, მის მაგივრად ძვირადღირებული ანალოგის ყიდვა, ამაზე მივიღეთ აზრი მთავრობიდან, რომ მოხდება ამის განხილვა”, –  პაატა კურტანიძე, ფარმაცევტული კომპანია „ავერსის” დამფუძნებელი.

შეხვედრას  25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. ამავე კვირაში სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში შეხვედრა ასევე იგეგმება საწვავის ფასებთან დაკავშირებით.