ირაკლი კობახიძე გუშინდელ აქციას ამორალურად აფასებს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, გუშინ მოვლენები არასწორი მიმართულებით წარიმართა.

ირაკლი კობახიძემ გუშინდელი აქციის დისკრედიტაციის მიზნით განაცხადა, რომ „TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ საკუთარი გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე გადაწყვიტა პოლიტიკური ქულების ჩაწერა.

„რაც შეეხება გუშინ მოვლენების განვითარებას, ეს მოვლენები წარიმართა არასწორი მიმართულებით და ეს არის ძალიან რბილი შეფასება. გუშინ დილიდან ნოდარ მელაძემ იცოდა ყველაფერი და ამის მიუხედავად, მან საკუთარი გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე გადაწყვიტა პოლიტიკური ქულების ჩაწერა. რაც არის უკიდურესად ამორალური. საზოგადოებამ უკვე იცის, რაშიც იყო საქმე და რაში იყო საქმე, ამას იტყვის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ალბათ, დღეს საღამოს, როდესაც საბოლოოდ დასრულდება ექსპერტიზა“, – განაცხადა მან.


გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მთავარი მოთხოვნა იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა. აქციის მონაწილეების თქმით, მას დღეს 12 საათამდე აქვს ვადა, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს აქტიურად და ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისჯება. მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს.

პრემიერის თქმით, ის, რაც გუშინ ხდებოდა, ეს იყო მორიგი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ.


11 ივლისს „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რისი შედეგიც რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი. 5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 5 პირი.