ირაკლი კობახიძე იმეორებს, რომ მზია ამაღლობელი „კონკრეტულ დაკვეთას" ასრულებდა

პუბლიკა

„ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კვლავ გაიმეორა, რომ ჟურნალისტი და „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი „კონკრეტულ დაკვეთას” ასრულებდა პოლიციის „დაკნინებისა და შეურაცხყოფის” მიზნით.

„ეს შემთხვევა [მზიას საქმე] მათთვის [ევროპარლამენტარები] არის ძალიან მნიშვნელოვანი და რატომ – იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ განზრახული საქართველოში ძალოვანი სტრუქტურების დაკნინება, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, რომ თუ დაკნინდება ძალოვანი სტრუქტურები, დაკნინდება მთლიანად სახელმწიფო და რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელმა ამ კუთხით შეასრულა კონკრეტული დაკვეთა.

მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა ძალოვანი სტრუქტურები, დაეკნინებინა პოლიცია, თუმცა ამაზე მიიღო ზუსტად ის პასუხი, რა პასუხიც უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში. ამით არიან განაწყენებული ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ცდილობენ სახელმწიფოებრიობის დაკნინებას. რა თქმა უნდა, ეს არ გავა, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს“.

აქამდე მან მსგავსი განცხადება გააკეთა 16 აპრილსაც „რუსთავი 2-ის“ ეთერში. კობახიძემ თქვა:

„მზია ამაღლობელი მსხვერპლი არ არის. ის კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა და მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა. საპატიმროებში მყოფთა დიდი ნაწილი კი პროპაგანდის მსხვერპლია”.

მზია ამაღლობელის ადვოკატებმა საქმის ფარგლებში ირაკლი კობახიძის მოწმედ გამოკითხვა მოითხოვეს, თუმცა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მოგვიანებით მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს „რუსთავი 2-ის“ შენობასთან და მოითხოვეს ამაღლობელის ადვოკატისთვის გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერის დათმობა. ჟურნალისტების თქმით, ამ გადაცემაში გაკეთებული განცხადებით ირაკლი კობახიძემ „მზია ამაღლობელის მიმართ განზრახ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა და მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია“.