ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს ესაუბრა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაძლიერების პერსპექტივები მიმოიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროებში არსებული თანამშრომლობა შეაჯამეს.

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანისაგან მიიღო მიწვევა, რომ უახლოეს მომავალში დაიგეგმოს მისი ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში”. – ვკითხულობთ განცხადებაში.