„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
როგორც „ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.
„ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობას. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში, რაც აუცილებელია ქვეყნების შემდგომი განვითარებისთვის.
მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს სხვადასხვა ფორმატში ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის დიალოგს და მრავალ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას, რაც ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მომდევნო სხდომა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაფართოებას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისებას.
ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.