ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას ეშინოდა არჩევნების შესწავლის

პუბლიკა

„ოპოზიციას არ ჰქონდა არაფერი სათქმელი არჩევნებთან დაკავშირებით,  მათ ეშინოდათ არჩევნების შესწავლის, სწორედ ამიტომ არ ჩაერთვნენ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და სწორედ ამიტომ ვერ ვხედავთ ჩვენ ოპოზიციის ძირითად ნაწილს დღეს წარმოდგენილს სხდომათა დარბაზში“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, არჩევნების გაყალბების ბრალდება ოპოზიციის რადიკალური ნაწილისთვის მრავალთვიანი საბოტაჟის საბაბი გახდა, რამაც არა მმართველი პარტია, არამედ ქვეყნის ინტერესები დააზიანა.

“მათ სათქმელი არაფერი არ აქვთ. კითხვებსაც კი ვერ სვამენ, ვერ ერთვებიან დებატებში. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ რეალურად, არჩევნები არ გაყალბებულა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა იმ დასკვნამ, რომელიც წარმოადგინა დღეს დროებითმა საგამოძიებო კომისიამ. კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ ეს კომისია შეგვექმნა წლის დასაწყისშივე, თუმცა, ჩვენ გვქონდა ამაზე კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და მათ გვთხოვეს ჩვენ საგამოძიებო კომისიის შექმნის გადადება და მიზეზი იყო ის, რომ მათი სურვილი იყო, ოპოზიცია ჩართულიყო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში. ჩვენ გავითვალისწინეთ საერთაშორისო პარტნიორების ეს თხოვნა და გადავწიეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა და ეს კომისია შეიქმნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა 19 აპრილის შეთანხმებას, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპოზიციამ მაინც თქვა უარი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე.” – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.