სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში, ქართველ მწარმოებლებს შეხვდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ბაზარზე მოქმედი თამაშის წესები გარკვეულწილად ხელს უშლის ქართველ მწარმოებლებს, რომ საკუთარი პროდუქციის სათანადოდ რეალიზაცია ქსელურ მარკეტებში უზრუნველყონ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს საზღვრიდან თარომდე ფასნამატი 86% შეადგენს, მაშინ, როცა ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 20-დან 30%-მდე მერყეობს.
„ფასნამატი საქართველოს საზღვრიდან თარომდე შეადგენს 86%-ს. აქ არ შედის არცერთი გადასახადი – არც იმპორტის გადასახადი, არც დღგ. ეს არის სუფთა ფასნამატი, რაც წარმოიქმნება დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ უკვე ქსელურ მარკეტებში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს ფასნამატი საკმაოდ მაღალია. ჩვენ ვნახეთ, მაგალითად, როგორია სხვაობა საბითუმო და თაროს ფასებს შორის ევროპის ქვეყნებში და, როგორც წესი, ფასნამატი 20-დან 30%-მდე მერყეობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, სივრცე ფასების კლებისთვის არსებობს, მათ შორის ქართულ პროდუქციაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო კომისიაზე.
შეხვედრას „ქართული ოცნების” მინისტრებთან ერთად 25-მდე მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრიდან გამოსულებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს და მწარმოებლებისთვის ბაზარზე არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მაღალ მარჟასა და „ქეშბექს” ასახელებენ.
„მაღალი მარჟების , „ქეშბექების” მოთხოვნა ჩვენთვის, ქართველი მწარმოებლებისთვის, არის ყველაზე დიდი ბარიერი, რომ მივაღწიოთ ფასის რეგულირებას, ასევე ზოგადად გადავრჩეთ. [ფასების კლება] შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, რაც ვიღაცის ჯიბიდან უნდა დააკლდეს, ეს არის ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს და, შესაბამისად, ქსელმა უნდა გააკეთოს ოპტიმიზაცია. აქამდე მიმდინარეობდა პროცესი, ბოლო 5 წლის განმავლობაში უბნის მაღაზიები დაიკეტა, 90% აიღეს უკვე ქსელურმა მაღაზიებმა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი კარნახობენ ბაზარს იმ პირობებს, რისი შესრულებაც გვიწევს მწარმოებლებს”, – ირაკლი ქურდაძე, „ფრიქსის” კომერციული დირექტორი.
მწარმოებლების თქმით, ფასების დაწევაზე ზეგავლენა აქვს ქვეყნის შიგნით წარმოების რაოდენობასაც. „ჩირინას” დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში იწარმოება 5%-მდე, რაც ძალიან ცოტაა. იმისთვის, რომ ფასები დაიწიოს, უნდა იწარმოებოდეს დიდი რაოდენობის ბევრი პროდუქცია. მისივე თქმით, ქართული პროდუქციას, რომელიც აქამდე ექსპორტზე გადიოდა, იმავე ფასად ყიდდნენ, რა ფასადაც საქართველოში.
„საქართველო ცოტა რამეს აწარმოებს და ძირითადად, იმპორტზე ვსხედვართ. ქვეყანა დამოკიდებულია საერთოდ დოლარისა და ლარის, იქ ევროსა და ლარის [კურსი], ბევრ რაღაცაზე არის დამოკიდებული. შეიძლება იყოს კარტელური გარიგებაც და ეს ანტიმონოპოლიური კვლევის ობიექტი უნდა იყოს”, – რევაზ ვაშაკიძე, „ჩირინას” დამფუძნებელი.
ფასებთან დაკავშირებით საქმის შესწავლა კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომაც დაიწყო, ამის შესახებ მედიასთან შეხვედრაზე მისულმა „ემსიბი ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა განაცხადა. თუმცა როგორც თავად აღნიშნა, ამას გაგრძელება აღარ ჰქონია, რადგან დასკვნა თაროზე შემოდეს.
„ძალიან დადებითი გამოცდილება გვაქვს კონკურენციის სააგენტოსთან ამ კუთხით, რომელმაც შეისწავლა სიღრმისეულად ეს საკითხიც, დაახლოებით 3 წლის წინ, დასკვნაც დადო, მიმართა საკანონმდებლო ორგანოს რეკომენდაციით და მთავრობას, რომ შემუშავებულიყო ჩარჩო რეკომენდაციის ფორმატი, რომელიც დაარეგულირებდა და შექმნიდა ე.წ. თამაშის წესებს ამ დარგში. ისევ დაიდო მაგიდაზე, შემოიდო თაროზე .. პირობები, რასაც ისინი [ქსელური მარკეტები] აყენებენ იმისათვის, რომ განვათავსოთ ჩვენი პროდუქცია თაროებზე, ძალიან მძიმეა. ეს არის „ქეშბექი“, ეს არის შეცვლის გადასახადი. ეს არის გადახდის ვადები. რომ არა ქსელები, ჩვენ ჩვენს პროდუქციას ვერ გავყიდდით, მაგრამ მარტო მე ვიხეირო, მე ვისარგებლო და შენ გაკოტრდე…” – ალექსანდრე რატიშვილი, „ემსიბი ჯორჯიას“ ხელმძღვანელი.
სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში შეხვედრები ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ამავე კომისიის ფარგლებში გასულ კვირას „ქართული ოცნების” პრემიერი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.