ირაკლი კობახიძე სამებაში წავიდა, 9 აპრილის მემორიალთან მისვლას არ აპირებს

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე სამებაში წავიდა.

ის არ მივა 9 აპრილის მემორიალთან, სადაც რეჟიმის პატიმრების მშობლები და სხვა მოქალაქეები გუშინ საღამოდან შეიკრიბნენ.

მათ უნდოდათ, მემორიალთან თაიგულებით მისვლის შესაძლებლობა არ მისცემოდათ „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ეს პროვოკაცია იყო, რომელსაც არ აყვა”.

„გარე ძალებს აბსოლუტურად გამოცლილი აქვთ ენერგია და ისინი ცდილობდნენ, კონკრეტული პროვოკაცია გამოეყენებინათ დამატებითი ენერგიის მისაღებად, ჩვენ ამას ვერ ავყვებოდით, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთიანობას საზოგადოებაში.

ალბათ ჩვენი გმირების სულები ჩვენგან სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას ელოდნენ, გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიმართული არა დაპირისპირების გაღვივებისკენ, არამედ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნებოდა მიმართული სწორედ საზოგადოების გამთლიანებისკენ”. – თქვა „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა.

რუსთაველის გამზირზე დილიდან დიდი რაოდენობით პოლიცია მობილიზდა. ისინი იყვნენ პარლამენტის მიმდებარე ყველა ქუჩაზე.

რუსთაველზე მივიდნენ ჯგუფებიც, რომლებიც გამოირჩეოდნენ პატიმრების მშობლების და მათი მხარდამჭერების მიმართ. მათ შორის იყო პროვოკატორები „ქართული ოცნების” დროშით.

დილით რუსთაველზე ტიტებით მივიდა გლდანის რაიონის მაჟორიტარი, კოტე ზარნაძე, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი იყო, რეჟიმის პატიმრების მშობლები მას 9 აპრილის მემორიალთან მისვლის უფლებას არ მისცემდნენ. მასთან ერთად იყვნენ „ქართული ოცნების” მხარდამჭერები. ზარნაძე მემორიალამდე ვერ მივიდა.