„ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური დაბალანსება და სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებაზე ერთობლივი მუშაობა. ამის შესახებ მან სასურსათო ფასებთან დაკავშირებული სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ისაუბრა, რომელსაც დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელთან ერთად, 15-მდე სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
ირაკლი კობახიძის თქმით, პირველადმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში საზღვრიდან თარომდე საშუალო ფასნამატი 86%-ს აღწევს, რაც მაღალი მაჩვენებელია. მისივე განმარტებით, ამ ფასნამატის 44% დისტრიბუციაზე მოდის, ხოლო საბოლოოდ, ეს იწვევს იმას, რომ რიგ პროდუქტებზე ფასები ევროპულ ფასებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია.
„პირველადი კვლევა აჩვენებს, რომ საკმაოდ მაღალი ფასნამატი წარმოიქმნება უშუალოდ საქართველოს საზღვრიდან თარომდე და საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%, რაც ჩვენი აზრით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ დავინტერესდით, მე პირადად ვნახე მაგალითად, გერმანიაში საბითუმოდან თარომდე ფასნამატი შეადგენს 20-დან 30%-მდე ანუ ეს არის სტანდარტული ფასნამატი. ამ პირობებში 86% საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად გამოიყურება. ამ 86%-ის ერთი წილი მოდის დისტრიბუციაზე – 44%-ია წილი და შედარებით მცირეა წილი ქსელური მარკეტების შემთხვევაში. ჯამში არის 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ევროპულ ფასებთან შედარებით არის ბევრად უფრო მაღალი ფასები. ზოგიერთ შემთხვევაში არის 50%-ით მაღალი ფასი, არის ორჯერ-სამჯერ მეტი ფასი, ანუ საკმაოდ დიდია სხვაობა ფასებს შორის” – განაცხადა „ქართული ოცნების” პრემიერმა შეხვედრაზე.
კომისიის სხდომიდან გამოსულმა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა. ლაშა რიჟამაძის თქმით, ევროპული ქვეყნების ბაზრები გაცილებით მასშტაბურია და ერთი და იგივე ფასი მწარმოებლის მიერ ვერ იქნება შეთავაზებული.
„ვისაუბრეთ საერთაშორისო ტიპის პრაქტიკაზე, რომელიც გულისხმობს მსგავსი ტიპის ურთიერთობებში, ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს ეს კანონმდებლობა, და ამ კუთხით რეგულირებას. ეს არსებითად იმ საკითხებს ვერ გადაჭრის, რაც შეიძლება ფასებზე კიდევ დამატებით ზეგავლენას ახდენდეს. ევროპის ქვეყნების ბაზრები მნიშვნელოვნად დიდი არის და ერთი და იგივე ფასი ვერ იქნება შეთავაზებული შესაბამისი მწარმოებლის მიერ. წარმოიდგინეთ, 3-მილიონიან ქვეყანასა და 60-70-მილიონიანი ქვეყნისთვის და აქ უკვე ფასთაშორისი სხვაობა, რა თქმა უნდა, დიდი იქნება. რაც შეეხება იმას, რომ მაგ დონემდე რაიმე დიდი ტიპის ცვლილება მოხდეს, ფიზიკურად და ტექნიკურადაც შეუძლებელი აღმოჩნდება. საბაჟომდე ტრანსპორტირების გარდა, დამატებით რიგი ხარჯები არსებობს, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. უბრალოდ, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ამ რეგულირების ფარგლებში ფასს არ არეგულირებს, ეს არეგულირებს ურთიერთობას და აწესებს კონკრეტულ ზღვრებსა და ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია, რომ ადგილობრივმა მწარმოებელმა და სადისტრიბუციო კომპანიამ ფასი დაწიოს”. – განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.
„ქართული ოცნების” პრემიერის თქმით, კომისიის მიზანია, ფასის ფორმირების ჯაჭვის დეტალურად შესწავლა და იმ რესურსების გამოვლენა, სადაც ფასების შემცირება შესაძლებელია. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, მათ შორის სასურსათო მწარმოებლებთან, ასევე ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით.