ირაკლი კობახიძე სენატორ სტივ დეინსს შეხვდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა. ინფორმაციას კობახიძის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, კობახიძემ „დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება და ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ორივე ქვეყანას”.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და კობახიძემ აღნიშნა, რომ „ქვეყანაში უზრუნველყოფილია პოლიტიკური სტაბილურობა და საქართველოს ხელისუფლება ამის გარანტია”.

ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრას ესწრებოდნენ „ოცნების“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

შეხვედრას გამოეხმაურა სენატორი სტივ დეინსიც. მან განცხადება X-ზე გაავრცელა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე გაჟღერდა მოწოდება, რომ საქართველომ მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან.

„სენატორი დეინსი დღეს მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობას, რათა განეხილა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების საკითხები.

სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ჩვენი საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.